წითელას ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

წითელას ვაქცინაცია საქართელოში, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის და კანონპროექტის განხილვა მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე მოხდება.

“წითელა სახუმარო დაავადება არ არის. წელს საქართველოში ორი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, შარშან შემოდგომაზე აჭარის რეგიონიდან დაიწყო წითელას პიკი და 2018-ში უკვე ინფექციის 1300-მდე შემთხვევაა. ქვეყანაში ამ დრომდე 20-დან 40 წლამდე ასაკის ნახევარი მილიონი ადამიანია აუცრელი. შეიძლება ითქვას, რომ წითელა ისევ “მობრუნდა” ევროპის ქვეყნებში. საფრანგეთში და იტალიაში შარშან ინფექციის ძალიან ბევრი შემთხევა იყო, რის გამოც ამ ქვეყნებში წითელას სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს. საქართველოში წითელას ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამან მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე, რაც დღეს გვაქვს. მთელ რიგ ქვეყნებში წითელა აღმოფხვრილია. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით ვერ ვერევით. საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად 5-დან 10-მდე მერყეობს წითელას შემთხვევების რიცხვი. განსაკუთრებით არასასიამოვნო ვითარება გვაქვს დიდ ქალაქებში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ყველას, ვისაც არ აქვს აცრა ჩატარებული, ან არ ახსოვს აქვს თუ არა გადატანილი წითელა, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის საკმაო მარაგია.