ხვალიდან, 29 ოქტომბრიდან წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად იწყება. შესაბამისად, ხვალიდან შედის ძალაში ის წესები, სტანდარტები და შეზღუდვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მედიისთვის არის დადგენილი.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტიდან პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ.
მათ უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, საჯარო დებატების და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებაში და უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ასევე ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ხუთი დღის ვადაში იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა შეადგინონ, სადაც შესაძლებელია წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს და გადასცენ ის საოლქო საარჩევნო კომისიას. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი.
აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილები.
28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. 2018 წლის არჩევნები ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური ეყოლება.