2018 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5,7 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ფასები 0,9 პროცენტით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,71 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,1 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-2,6 პროცენტი), ასევე ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (-1,2 პროცენტი).
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასები შემცირდა 4,5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0,29 პროცენტული პუნქტით აისახა”, – ნათქვამია „საქსტატის“ მონაცემებში.
რაც შეეხება 12 თვიან პერიოდს, ბოლო 1 წელიწადში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4,2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3,48 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ამასთან, ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (3,2 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებზე და ლითონის მზა ნაწარმზე (7,2 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის შემთხვევაში ფასების 14,8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2,01 პროცენტული პუნქტით აისახა.