პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ, 400-მდე მედიკამენტზე ფასები უნდა დარეგულირდეს. ამის შემდეგ წამლები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება.
ზოიძე არ გამორიცხავს, რომ დარეგულირების ერთ-ერთ მეთოდად, შესაძლოა მოგების მარჟის დაფიქსირება განიხილონ. მისი თქმით, ამ ინიციატივაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციები გაიმართება.
ამასთან, აკაკი ზოიძის განცხადებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა სექტემბრიდან ფართოვდება. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების და მედიკამენტთა რაოდენობა სამომავლოდაც გაიზრდება, მაშინ პირდაპირი რეგულირების აუცილებლობა აღარ იქნება.
“საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც ყოველ დღე შეიძლება სჭირდებოდეს ჩვენს მოქალაქეს, რომელზე დანახარჯიც საკმაოდ მაღალია… ეს არის ან მოგების მარჟების დაფიქსირება, ან ფასის დაფიქსირება (რომ ამ ფასზე მაღლა ისინი ვერ გაყიდიან)”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ზოგიერთი მედიკამენტის ფასზე რეგულაციის დაწესებას ემხრობა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც.
ფარმაცევტული კომპანიებისთვის მოგების მარჟის შემცირების ინიციატივით 30 ივლისს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოვიდა.
ზაფხულიდან პენსიონერები გარკვეული სახის მედიკამენტებს, მათ შორის წნევის მარეგულირებელ წამლებს, მინიმალურ ფასად შეიძენენ. იგეგმება 23 სახეობის მედიკამენტის რაოდენობის 50-მდე გაზრდაც.
2017 წლის 1 ივლისიდან ეგრეთ წოდებული უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა. სააფთიაქო ქსელში უკვე 23 დასახელების ასეთი მედიკამენტია.