თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს–ეჭვმიტანილი დაკავებულია

დაკავებულმა არასრულწლოვანს ბასრი საგნით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შ.ჯ.-ს ბასრი საგნით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან 3 საათში, ცხელ კვალზე დააკავა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.