მარიხუანასგან დამზადებული პრეპარატები ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება

მარიხუანასგან დამზადებული პრეპარატები ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მაგალითად, ეპილეფსიის, დიაბეტის, პარკინსონის დროს და ა.შ. -ამის შესახებ ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ განცხადა .

„ძალიან კარგი იდეა და ინიციატივაა. თუ საქართველოში დაინერგება ამ პრეპარატების გამოყენება, ძალიან კარგი იქნება. უკვე რამდენიმე პრეპარატი არის რეგისტრირებული, რომელიც მარიხუანასგან მზადდება. არის პრეპარატები, რომლებიც დღესდღეობით კვლევაშია და ძალიან ბევრი ქვეყანა აწარმოებს კვლევებს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, თვითონ მცენარეშიც არსებობს ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება როგორც გარეგანი მალამოები, ზეთები და ა.შ.

„მარიხუანა გარდა იმისა, რომ სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე, მისი წარმოებაში გამოყენებაც შესაძლებელია. კანაფისგან დამზადებული ქსოვილები, ბაწრები ძალიან მაღალი ხარისხის არის“.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.