სამსონ ქუთათელაძის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ბექა ბასილაიას შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე, მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე პართენიშვილმა განაცხადა, დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობით სასამართლოს სხდომის დაწყებისთანავე მიმართა.
როგორც ადვოკატმა ბასილაიამ განაცხადა, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, დაცვის მხარეს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის მხრიდან უარი ეთქვა სატელეფონო და ვიდეო კამერებიდან ჩანაწერების ამოღების, ასევე “სტამბოლის ბაზრობაზე” ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტიდან კონკრეტულ დროს ქვითრის ამოღების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
„სასამართლო გამოძიების პროცესში მოიქცა ისე, როგორც იქცევა ბრალდების მხარე“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. გენერალი სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ნახეს მოკლული. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა 8 თვის შემდეგ, რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე მამის სახოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები იქნა ამოღებული.
სისხლის სამართლის საქმე გიორგი ჭანტურიას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.