ბრაიან უიტმორი – აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტა, რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ ევროპულ საქართველოში

აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტა, რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ ევროპულ საქართველოში, – საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საქართველო საკუთარ თავს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

„ამით კონფლიქტი გადაჭრისკენ მიდის და პრინციპში, აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია“, – განაცხადა ბრაიან უიტმორმა.