დღეიდან მედიკამენტებზე ფასები მცირდება-ვის შეეხება ცვლილებები?

დღეიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50 პროცენტი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ.

ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე:
– გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი 100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ–ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი–გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი 25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ;
– დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) – დიაბეტონი MR 60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000მგ;

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – თიროზოლი 5მგ; L – თიროქსინი 50მკგ;
– ფილტვის ქრონიკული დაავადებები – ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი. 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა; სერეტიდი დისკუსი 50/250მკგ ინჰ 60 დოზა; ალბუტეროლის სულფატი 0.5% 2.5მგ/0.5მლ.

მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შედეგი პროცედურები:
1. მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად;
2. სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში;
3. მოქალაქეს შეუძლია ფასდაკლებული მედიკამენტები შეიძინოს სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში რეცეპტისა და პირადობის მოწმობის წარდგენით.

ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს, ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის საკმარისი ოდენობა. ყველა პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულია.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს.

2018 წლის 13 აგვისტოდან კი, საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებზე, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, 50 პროცენტამდე ფასდაკლებით ისარგებლოს. პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.