ინდონეზიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 300 000 ადამიანთან მაშველები ვერ აღწევენ

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაკარგულებს ეძებენ. მაშველები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს დროულად მიაგნონ. ამ ეტაპზე ოფიციალური პირები კვლავ 832 ადამიანის დაღუპვას ადასტურებენ. თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, მაშინ, როდესაც მაშველები სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ დასახლებებში ჩააღწევენ.

რთული მდგომარეობაა ქალაქ პალუში, სადაც ორი სასტუმროსა და ერთი სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი. მაშველებმა რამდენიმე გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს.
თუმცა, საგანაგებო სიტუაციების სამსახურში არადამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე მაშველები ჯერ ვერ ჩადიან სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, სადაც 300 000 ადამიანი ცხოვრობს. მათი ვარაუდით, გარდაცვლილი შესაძლოა, ათასობით მოქალაქე იყოს.

7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ინდონეზიაში 28 სექტემბერს მოხდა. სტიქიამ ცუნამი გამოიწვია. ტალღების სიმაღლე 6 მეტრს აღწევდა. მთავრობა აცხადებს, რომ დაზარალებულების დასახმარებლად 37 მილიონ დოლარს გამოყოფს.