დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 25 წლის წინ, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის ოკუპაცია განხორციელდა.
„ძალიან მძიმე დღეა – შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი. 25 წლის წინ, ამ დღეს აფხაზეთის ოკუპაციას სისხლიანი წერტილი დაესვა. აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა და ჩვენ, მომავალმა თაობებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიბრუნოთ აფხაზეთი, არამხოლოდ როგორც ჩვენი ერთიანი ტერიტორიის ნაწილი, არამედ დავიბრუნოთ აფხაზი ხალხი – ჩვენი ძმები და დები. ერთობას, სიმშვიდეს, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას ნამდვილად ვერაფერი შეცვლის. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთად ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.