რა ჯდება წელს ბავშვის სასკოლოდ მომზადება?!

ახალი სასწავლო წელი იწყება და შესაბამისად ბაზრობებზე,მაღაზიებსა თუ დიდ და პატარა სავაჭრო ცენტრებში მშობლების და მასწავლებლების სიმრავლე შეინიშნება. ყველა მშობელს სურს შვილი სასკოლოდ ახალი სამოსითა და საჭირო ნივთებით მოამარაგოს. TV4  დაინტერესდა რა ჯდება ბავშვის სასკოლოდ მომზადება, რა თანხაა საჭირო იმისთვის,რომ თქვენი პატარები ახალ სასწავლო წელს ყველა საჭირო ნივთით მომზადებულები შეხვდნენ.

წელს სასკოლო ნივთებზე ფასების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, შესაბამისად მშობლებს სასკოლო ნივთების შესაძენად მეტი თანხა დასჭირდებათ.  როგორც სავაჭრო ობიექტების მფლობელები აცხადებენ, ფასები მცირედით ,თუმცა საერთო ჯამში საგრძნობლად მომატებულია საკანცელარიო ნივთებზე.

თუ გასულ წელს 48 ფურცლიანი რვეულის შეძენა 50 თეთრად იყო შესაძლებელი, წელს ამისთვის 70 თეთრი დაგჭირდებათ.  12 ფურცლიანი რვეულის ღირებულება, 0,50 თეთრი ,ხოლო 100 ფურცლიანი 1,50 გახდა.

 ფერადი ფანქრების ფასები დახლებზე 1-10 ლარამდე მერყეობს, სახაზავისა და საშლელის მინიმალური ფასი 0,50 თეთრიდან იწყება, კალმები კი 0,20 თეთრიდან 2 ლარამდე შეგხვდებათ.

სასკოლო პლასტელინების ფასი 1 -5 ლარამდეა, რაც შეეხება სახატავებს, სახატავების ფასები ფურცლების რაოდენობის მიხედვით განსხვავდება და მისი ფასი 2-5 ლარამდე მერყეობს.

საკანცელარიო ნივთების გარდა, სასკოლოს ბავშვებს ახალი ტანისამოსი და სასკოლო ჩანთა სჭირდებათ.

სასკოლო ჩანთების არჩევანი დიდი , ფასები კი განსხვავებულია. ჩანთების  ფასი ბაზრობებზე 20 ლარიდან იწყება,თუმცა თუ უპირატესობას ხარისხს ანიჭებთ, შესაძლოა სასკოლო ჩანთაში მაქსიმალური თანხა , 50 ლარამდე  გადაიხადოთ. ბაზრობაზე წელს ტენდენციური ტყავის და ტილოს ჩანთებია.
მართალია სკოლებში შავ-თეთრი ტანისამოსი ტენდენციური აღარ არის, თუმცა დახლებზე თეთრი და შავი ტანსაცმელი ისევ ჭარბობს. ბიჭების და გოგოების შარვლები 20 ლარიდან იწყება, რაც შეეხება ქვედაბოლოs, ქვედაბოლოს შეძენა 15 ლარადაც არის შესაძლებელი.

ახალ სასწავლო წელს ახალი ფეხსაცმელი უხდება. ფეხსაცმლის სტილს თანამედროვე სკოლა არ  ზღუდავს , შესაბამისად დახლებზე სპორტული და კლასიკური ფეხსაცმელი თანაბარი რაოდენობით შეგხვდებათ. ფეხსაცმლის ფასი ბაზრობაზე 20-25 ლარიდან იწყება და საშუალოდ 120 ლარამდე მერყეობს.

თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ  სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა მშობლებს აღარ უწევთ , ბავშვის სასკოლოდ მომზადება მშობლებს, მინიმუმ 300 ლარამდე დაუჯდებათ.