როდის განახლდება გარდაბნის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი?

გარდაბნის მუნიციპალიტეტის  საბავშვო ბაღების ნაწილში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი სკოლების მსგავსად 17 სექტემბერს  დაიწყება. ახალი სასწავლო წელი სექტემბერში მხოლოდ ცხრა ბაღში განახლდება, დანარჩენ ბაღებში კი სწავლა უკვე პირველ ოქტომბერს დაიწყება. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქ გარდაბნის ბაღების ნაწილში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც გარკვეულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყებამ გადაიწია. ბაღების რეაბილიტაციის პროცესი სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს გარდაბნის ტერიტორიაზე 23 ბაღში სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს,რისთვისაც ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდაბნის ტერიტორიაზე სულ 25 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.