პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გიორგი მანჯავიძეა, რომელიც დღეს აქციას უძღვებოდა.
დაკავებას აქციაზე ხმაური მოჰყვა. აქციის სხვა მონაწილეები გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიციის მანქანებს დაკავებულთა გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა, სამართალდამცველებმა დაკავებულები ტერიტორიდან გაიყვანეს.
შსს-ს პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, თუ რა ბრალდებით მოხდა აქციის მონაწილეთა დაკავება. პარლამენტის შენობის წინ კი კვლავ სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა.