სასულიერო პირები საპარლამენტო უმრავლესობას მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ

სასულიერო პირები საპარლამენტო უმრავლესობას მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. ამის შესახებ კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. კერძოდ, სასულიერო პირების რეკომენდაციები ასეთია: მოხმარებისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვარი 21-წლიდან უფრო მაღალ ასაკამდე განისაზღვროს და შეიქმნას სპეციალური რეესტრი, რომელშიც ის ადამიანები დარეგისტრირდებიან, ვისაც მარიხუანას მოხმარების სურვილი ექნება პირად სივრცეში.
„ჩვენ ბევრი დასკვნა გვაქვს, რომ 25 წლამდე არის თერაპიული ასაკი და 25-წლამდე ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ცუდი სტატისტიკა. კლებულობს 20-დან 25-წლამდე დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მატულობს კაზინოებსა და ნარკოტიკებში ამ ადამიანების გაერთიანება. ეკლესიის პოზიციაა, რომ ყველანაირი მოხმარება აკრძალული იყოს, თუმცა თუ ჩვენ ვართ ამ რეალობაში, რომ აკრძალვის მაგივრად რეგულაციებზე გადავდივართ, 21 წელი ძალიან ცოტაა. ეს ასაკი უნდა აიწიოს გაცილებით უფრო მაღლა, როდესაც ადამიანს უკვე აქვს მსოფლმხედველობა ჩამოყალიბებული.
ხომ არ შეიძლება, ადამიანს რომელსაც არც კანონის, არც მორალის ხმა არ ესმის, ხომ არ შეიძლება არსებობდეს ნებაყოფლობითი რეესტრი და ამ რეესტრში დარეგისტრირდეს ის, ვისაც პრივატულ სივრცეში უნდა მოწევა. თუ დაურეგისტრირებული ადამიანი მოიხმარს, მაშინ მასზე იყოს განსაკუთრებული სასჯელი. ამ რეესტრში გაწევრიანებული ადამიანებისთვის შეიზღუდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობები“, – განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააყენა ძალიან მძიმე შედეგები.
„საშიშროებები, რომელიც მან გააჩინა, თვალსაჩინოა. სამედიცინო კუთხით მარიხუანას მოხმარება ადამიანის ტვინში იმ რეცეპტორებს კლავს, რომელიც პასუხისმგებელია ინტელექტუალურ განვითარებაზე ანუ ამ განვითარების ქვეშ შემოდის რაღაც სხვა აზრებიც, სხვა განმარტებებიც, რომლებიც ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. საშიშროება იმის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციები „გირჩის“ სარჩელით ისევ გაუქმდეს, საკონსტიტუციო სასამართლოსგან კვლავ დგას“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.