პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით, ისეთივე შეზღუდვები უნდა დაწესდეს, როგორიც თამბაქოზეა. დეპუტატის თქმით, კანაფის მოხმარება 21 წლამდე აკრძალული უნდა იყოს. ამის შესახებ აკაკი ზოიძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ზოიძემ განმარტა, თამბაქოს მსგავსად კანაფის მოწევა საჯარო ადგილებში აკრძალული უნდა იყოს:
“ნებისმიერი მცენარის წვით მიღებული კვამლი არის კარცეროგენი. ღია სივრცეებშიც უნდა აიკრძალოს, მაგალითად, კონცერტებზე, სტადიონებზე, სკვერებში და ა.შ, სადაც არასრულწლოვანთა ყოფნის მაღალი ალბათობაა”, – თქვა აკაკი ზოიძემ და დასძინა, რომ რეგულაციებზე პარლამენტი იმსჯელებს და შეიმუშავებს.
30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია “გირჩის” წევრების სარჩელი დააკმაყოფილა და მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. თუმცა არსებობს გარკვეული გამონაკლისები. თუ მოქალაქე კანაფს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში მოწევს, ან მისი მოხმარება საფრთხეს შეუქმნის სხვა ადამიანს, მოქალაქე დაჯარიმდება.