„ფეისბუქი“ უსაფრთხოების სისტემაში პრობლემის აღმოჩენის შესახებ იუწყება

50 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია შესაძლოა ჰაკერების ხელშია

კომპანია „ფეისბუქი“ უსაფრთხოების სისტემაში პრობლემის აღმოჩენის შესახებ იუწყება, რომელიც სოციალური ქსელის დაახლოებით 50 მილიონ მომხმარებელს შეეხო.

„25 სექტემბერს ინჟინრების ჩვენმა გუნდმა აღმოაჩინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც 50 მილიონამდე პროფილს შეეხო“, – განაცხადა პროდუქტის მართვის საკითხებში ვიცეპრეზიდენტმა გაი როუზენმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოროტმოქმედებმა ისარგებლეს „ფეისბუქის“ კოდის დაუცველობით, რამაც გავლენა იქონია ფუნქციაზე „ჩემი პროფილის ნახვა“. „ამან მათ საშუალება მისცა მოეპარათ წვდომის მარკერები, რომლებიც მათ შემდეგ გამოიყენეს ადამიანთა „ექაუნთების“ გასაკონტროლებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, წვდომის მარკერები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დარჩნენ ავტორიზებულები „ფეისბუქში“ ისე, რომ არ იყოს საჭირო ყოველ ჯერზე პაროლის შეყვანა სოციალური ქსელის მოხმარებისას.

კომპანიის განცხადებით, პრობლემა ამ დროისთვის მოგვარებულია და ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ თავიდან მომართა მარკერები 50 მილიონი მომხმარებლისთვის, რომელთა ექაუნთებსაც აღნიშნული პრობლემა შეეხო.

ასევე, კომპანიამ, უსაფრთოხოების ზომების სახით, გადაწყვიტა წვდომის მარკერები გადაეყენებინა კიდევ 40 მილიონი მომხმარებლისთვის. „შედეგად, დაახლოებით 90 მილიონი ადამიანი იძულებული იქნება თავიდან გაიაროს ავტორიზაცია „ფეისბუქზე“ ან სხვა პროგრამებზე, რომლებშიც გამოიყენება „ფეისბუქის „ლოგინი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ფუნქცია „ჩემი პროფილის ნახვა“ დროებით გათიშუალია მისი უსაფრთხოების შესამოწმებლად. როუზენის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რომელ ინფორმაციაში აქვთ წვდომა ბოროტმოქმედებს და გამოიყენეს თუ არა ის არადანიშნულებისამებრ. ასევე უცნობია, ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.