ფერმერთა რეგისტრაციის პროექტს ქვემო ქართლში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა აღრიცხვაა დაგეგმილი.

სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის მენეჯერი დავით კიკნაძე ქვემო ქართლის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებს შეხვდა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი გააცნო.

როგორც პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, ფერმათა და ფერმერთა აღრიცხვა შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას; გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი, ფერმერთა საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროექტის/პროგრამის შექმნისა და ეფექტიანი განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნას შერჩეული.

პროექტი 8 აგვისტოს დაიწყო და დღემდე ბაზაში 20,000-ზე მეტი ფერმერია დარეგისტრირებული. პროექტის ბიუჯეტი 1,300,000 ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.