წყალტუბოს საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საქმე კანონის შესაბამისად გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, რომ ინტოქსიკაციის გამო, წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში წუხელ კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს. კლინიკა “მედიქალ სითის” ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი ნუგზარ მაღლაკელიძე აცხადებს, რომ ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში. მისივე თქმით, ჯერჯერობით ვარაუდია შიგელოზზე, რაც არის ნაწლავური ინფექცია, რომლის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ბოსტნეული ან რძის ნაწარმი იყოს, თუმცა დაზუსტებით ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. მომხდარის გამო, მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა.