“მწვანეები” იაღლუჯის ფერდობზე 110 ჰექტარი მიწის რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის ინიციატივით გამოდიან

რუსთავის საკრებულოს წევრებმა საქართველოს პროკურატურის დადგენილებას მოქალაქე გიორგი ონიანისთვის იაღლუჯის ფერდობზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის კომპენსაციის სახით  გადაცემის თაობაზე მხარი არ დაუჭირეს.

საქართველოს პროკურატურამ გიორგი ონიანი დაზარალებულად ცნო,  თავად ონიანი კი კომპენსაციის სახით იაღლუჯის ფერდობზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 130 ჰექტარი მიწის ფართობის გადაცემას ითხოვს, საიდანაც 20 ჰექტარი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.საკრებულოს წევრების უმრავლესობის აზრით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტმა წლების განმავლობაში გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელა, რაშიც 200 ათასი ლარი დაიხარჯა. დეპუტეტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ მოქალაქეს სხვა ალტერნატიული მიწის ნაკვეთი უნდა შესთავაზოს, რადგან აღნიშნული ტერიტორია ქალაქისთვის სტრატეგიულ მონაკვეთს წარმოადგენს და მისი შემდგომი განვითარების მიზნით ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციებიც მიმდინარეობს. 

გარდა ამისა დღეს საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება–მწვანეების“ ინიციატივაზეც იმსჯელეს.ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების” თავმდჯომარემ საკრებულოს წევრებს მიმართა მხარი დაუჭირონ ინიციატივას, რათა აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლით მიმართონ შესაბამის უწყებას 110 ჰექტარი მიწის ფართობი რუსთავის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცემის თაობაზე, ტერიტორიის შემდგომი განვითარების პერსქპექტივით. დღესვე დეპუტატებმა კიდევ რამდენიმე ქონებრივი საკითხის გარშემო იმსჯელეს. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სულ ექვს საკითხს უყარეს კენჭი და შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით დაამტკიცეს.