ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა – შს სამინისტრომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ხეობაში ჩაყვანაზე უარი განაცხადა.
ცოლ-ქმრისა და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები 2 კვირის მანძილზე ითხოვდნენ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას.
კობაურის დედას არ სჯერა, რომ მისმა შვილმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. თვლის, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. მარიამ მარტიაშვილი ამბობს, რომ ხეობაში ჩასვლა და იქ დაკავებულის დაკითხვა ბევრ კითხვას ნათელს მოჰფენდა.
„ბევრ რაღაცას აეხდებოდა ფარდა იქ რომ წასულიყვნენ. იციან იქ რაც მოხდა. ჩემი შვილი რისი გამკეთებელი იყო ისიც კარგად იციან, თვითონ სამარეს გაითხრიდნენ და იმიტომ არ წავიდნენ – იმიტომ, რომ ეს არის მათი დაგეგმილი მკვლელობა. მთავრობის დაგეგმილი მკვლელობა“-ამბობს კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილი.
მისი თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან შვილის ვერც მონახულება და ვერც ტელეფონით გასაუბრება ვერ შეძლო. მარტიაშვილი ამბობს, რომ კობაურის უფლებები ირღვევა და მას ოჯახთან დაკავშირების უფლებას არ აძლევენ.
კობაურის ადვოკატი ამბობს, რომ შს სამინისტროს ხადას ხეობაში ახალი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ სურს, რადგან ეს მტკიცებულება დაცვის მხარის მტკიცებულება იქნება.
შს სამინისტროს უარი ადვოკატებს დღის ბოლოს ჩაბარდებათ, რასაც უფლებადამცველები სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ადვოკატები აპირებენ, სწორედ სასამართლოს ძალით ჩაიყვანონ და ადგილზე დაკითხონ ბრალდებული კობაური.