გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილსა და დაცვის მხარის ურთიერთშელაპარაკების ფონზე მიმდინარეობს. დაცვის მხარე ამ წუთებში დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და სასამართლოსგან ითხოვს, დაუშვას განჩინება საქმეში არსებული ბრალდების სამი მოწმის, თედორაძის, რეხვიაშვილისა და ჩადუნელის სატელეფონო ამონაწერების, შესაბამისი ანძების მითითებით ამოღების თაობაზე.
გარდა ამისა დაცვის მხარე ითხოვს კიდევ ერთ განჩინებას, რომელიც ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტიდან ქვითრის ამონაწერის ამოღებაზე.
ჭანტურიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ შუამდგომლობის დაყენების დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ მას არ აქვს სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი, რის შემდეგაც მოსამართლემ მას შენიშვნით რამდენჯერმე მიმართა. ეკატერინე პართენიშვილმა დაცვის მხარეს კორექტულობისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაბამისი ზომების გატარების შესახებ აცნობა.









