არც ერთი პირი, ვინც უგულავას დღეს პრესკონფერენციაზე გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არც ერთი პირი, ვინც უგულავას დღეს პრესკონფერენციაზე გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის. მდინარაძის თქმით, ბევრ მათგანს საერთოდ არ ჰქონია შეხება „ქართულ ოცნებასთან“.

„რამდენიმე წუთში მოვახდინეთ თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი არც ერთი არ არის. ბევრ მათგანს საერთოდ არ ჰქონია შეხება „ქართულ ოცნებასთან”. რამდენიმე ადრე ნამდვილად იყო მხარდამჭერი, თუმცა 2017 წლის არჩევნებზე უკვე სხვა პარტიებთან მუშაობდნენ. ვაზუსტებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სხვა პარტიის კანდიდატიც კი იყო. თუ ეს დადასტურდება, დამეთანხმებით, რომ „ევროპული საქართველო“ ამ აფიორის გამო სერიოზულ სკანდალში გაეხვევა. მათ ვურჩევდი, თავიანთ წევრებს მიხედონ, რომლებიც მათგან გარბიან, მათ შორის საუბარია პარლამენტის წევრებზეც. სწორედ ამის გადასაფარად დგამენ ამ უნიჭო შოუებს, თუმცა ვერ ითვალისწინებენ, რომ „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს ღალატი სისხლში არ უზით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნების“ შემადგენლობა რამდენიმე წევრმა დატოვა და “ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. მათ შორის არიან რუსთავის, გარდაბნისა და წალკის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგნებლები.