გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა კვლავ გადაიდო. პროცესს პროტესტის ნიშნად დღეს, უკვე მეორედ არ ესწრებოდა თავად ბრალდებული. მოსამართლე მადონა მაისაურაძემ მხარეებს იმ წერილის შინაარსი გააცნო, რომელიც გიორგი ჭანუტირიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაეგზავნება, სადაც განმარტებულია, თუ რა შესაძლო ღონისძიებები გატარდება ბრალდებულის მიმართ თუ შემდეგ სხდომაზეც ის სასამართლოში გამოცხადებას თავს შეგნებულად აარიდებს. სავარაუდოდ შემდეგ სასამართლო პროცესზე მიიღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას, საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გაგრძელდება, თუ მას ერთპიროვნული მოსამართლე განიხილავს.დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეს არაუფლებამოსილი სასამართლო განიხილავს და ამ აღნიშნულ მოცემულობაში მართლმსაჯულება ვერ განხორციელდება. სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 108 და 236 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება ბრალად, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას ითვალისწინებს.