გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას მოსამართლე მადონა მაისურაძემ დამატებითი დრო განუსაზღვრა, რათა მან საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ამბობს თუ არა უარს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. დღევანდელ პროცესზე გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, არაუფლებამოსილი სასამართლოს აცილების შუამდგომლობის საკითხი დააყენა. ადვოკატის განმარტებით, ჭანტურიას საქმეს არაუფლებამოსილი სასამართლო იხილავს, ვინაიდან წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაარღვია ბრალდებულის უფლებები, მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და გიორგი ჭანტურიას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის გადაწყვეტილების მიღებისათვის, მის მიერ მოთხოვნილი დრო არ მისცა და ჭანტურიას პოზიციის გარეშე გადასცა საქმეს არსებითად განსახილველად ერთპიროვნულ მოსამართლეს. გამომდინარე იქედან, რომ ჭანტურიას საქმეს დღეისათვის არაუფლებამოსილი სასამართლო იხილავს, ადვოკატის აცხადებდა, რომ მის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს. არსებითი სხდომის მოსამართლე მადონა მაისურაძემ, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლებას ის ბრალდებულს არ უზღუდავს, რაც შეეხება, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ამის საფუძველი არ არსებობს. ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, მადონა მაისურაძე დღევანდელი გადაწყვეტილებით წინასასამართლო სხდომის მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილების რესტავრაციას ცდილობს და ამ მოცემულობაში სამართლიანი მართლმსაჯულების წარმართვა შეუძლებელია. სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია მკვლელობიდან შვიდი თვის შემდეგ საკუთარ სახლში დააკავეს,სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული.მას სსსკ 108–ე და 236 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ედება ბრალად. ჭანტურია თავს დამნაშავედ არც ერთ ეპიზოდში არ ცნობს.საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს ჩაინიშნა.