დარღვევები რუსთავში-,,ოცნება” ,,ნაციონალებს” ადანაშაულებს

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამ დროისთვის გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას.
რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება ეგზიტპოლი როგორც ქართული ოცნების, ისე ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციების მიერ. აღნიშნულ უბანზე ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელს უშლიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეგზიტპოლის ჩატარებაში.
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე. ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. და ბოლოს, მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ”- ნათქვამია მამუკა მდინარაძის განცხადებაში.