გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს მოსამართლე მადონა მაისურაძე განიხილავს. დაცვის მხარემ დღეს არაუფლებამოსილი სასამართლოს აცილების საკითხი დააყენა. ჭანტურიას ადვოკატის განცხადებით, სასამართლო ვერ იქნება უფლებამოსილი, რადგან წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა გიორგი ჭანტურიას პოზიციის დაფიქსირების გარეშე გადასცა საქმე არსებითად განსახილველად ერთპიროვნულად მოსამართლეს. გარდა ამისა დაცვის მხარეს ჭანტურიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ჰქონდა შუამდგომლობა. მოსამართლემ მადონა მაისურაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, რაც შეეხება პირველ შუამდგომლობას მადონა მაისურაძის თქმით, გიორგი ჭანტურიას კვლავ მიეცემა შესაძლებლობა აირჩიოს ან უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე. დღესვე სასამართლოს წინაშე წარდგებიან მკვლელობის საქმის მოწმეები. საქმეში 300 ზე მეტი მოწმე არსებობს. გიორგი ჭანტურიას სსსკ 108 და 236 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება ბრალად. რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას ითვალისწინებს.