დღეს სვეტიცხოვლობაა

დღეს სვეტიცხოვლობაა, იგივე კვართის დღესასწაული, რომელიც საქართველოში ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღინიშნება. ეს დღე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უფლის კვართის სადიდებლად დააწესა. ტრადიციულად ამ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში წირვას ატარებს.

სწავლების მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართთან ერთად დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი.

ერთი მათგანი, სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. ის მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული.

სწორედ ამ ადგილზე აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარი.

ეს დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღდგა.