ზაზა სარალიძეს „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
„მაცნობეს, რომ ბატონ კალაძეს გაუკეთებია განცხადება – „ნაციონალების“ მიერ არის მოწყობილი პროვოკაციაო. უნამუსობაა ეს. ამდენი შვილის მამაა, უნამუსოდ რატომ იქცევიან და ასე უნამუსო განაცხადებს რატომ აკეთებენ, ვერ ვხვდები. არ მაქვს მე ჩემი მოკლული შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნის უფლება? რა შუაშია აქ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტები“ და „გირჩი“. ნებისმიერთან მივალ დასახმარებლად, ფაქტია მიკეტავენ გზას. განმარტებას ვერაფერს ვიღებ, რა ბრძანება აქვთ ისიც არ ვიცი. იციან, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობას არ გავუწევ და მიკეტავენ გზას. კეთილი ინებონ მთავარმა პროკურორმა და შს მინისტრმა და მისცენ პასუხისგებაში არა მარტო მკვლელები, არამედ საქმის გამფუჭებელი პროკურორები და ყველა ის პირი, ვინც ოდნავ გაეკარა ჩემი შვილის საქმეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.