კამპანიის „იცურე მშვიდად“ ფარგლებში მორიგი აქცია რუსთავში გაიმართება

9 ოქტომბერს, რუსთავში კამპანია „იცურე მშვიდად“ მორიგ აქციას გამართავს.
„აქცია გაიმართება ქალაქ რუსთავში, მე-11 და მე-12 მიკრორაიონების მიმდებარედ, ჰესთან არსებულ დაჭაობებულ წყალსაცავთან, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილას, სადაც წარსულში ადამიანების დახრჩობის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. წყალსაცავის ნაპირზე ერთმანეთის გვერდით ნახავთ ბანაობის ამკრძალავ ბანერს და წყალსაცავში დამხრჩვალი ადამიანის ხსოვნის საპატივცემულოდ აღმართულ ჯვარს. ეს სურათი გვიჩვენებს, რომ მსგავს საშიშ ადგილებზე მხოლოდ ამკრძალავი ბანერების დამონტაჟება საკმარისი არ არის და ხშირად აუცილებელია, წყლის ობიექტი დაცული იყოს სპეციალური ბარიერებით.

ქალაქ რუსთავში არსებული წყალსაცავი მიმზიდველი ადგილია მეთევზეებისთვის. ხშირად აქ ბავშვებიც თევზაობენ ან ბანაობენ. მოზარდის დახრჩობის ერთ-ერთი შემთხვევა გაშუქებულია სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმში – „სიკვდილის ზონები საქართველოში“ . იმ ქმედებებს შორის, რაც უნდა განხორციელდეს დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციისათვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასახელებს, ერთი შეხედვით, მარტივ, დაბალბიუჯეტიან, მაგრამ პრევენციისთვის ეფექტიან ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა, მათ შორის: ბარიერების დამონტაჟება წყალთან მისასვლელობის/მისაწვდომობის გასაკონტროლებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, კამპანია „იცურე მშვიდად“ წელს დაიწყო ანა დოლიძის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სექტემბრიდან კამპანიას „იცურე მშვიდად“ მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სხვადასხვა აქციებისა და ადვოკატირების აქტივობების განხორციელება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.