დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს შორის, თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის, – ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მის მხარეს არის ევროპა, მის მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი.
„რუსთავი 2 ფიქრობს და აჯერებს ხალხს რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა, და რა ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? არა. მემგონი არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც, ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული.
მზად ვარ მეორე ტურისთვის. მზად ვარ ბრძოლისთვის იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის. მჯერა იმის, რომ თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს შორის, თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის. როგორი გვინდა ეს საქართველო. ეს არის მეორე ტური და ჩვენ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე. ჩვენს მხარეს არის ევროპა, ჩვენს მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის!“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.