მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს

მარნეულში, სოფელ იმირში „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დადგინდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ფ.კ.-ს და პარტია „ქართული ოცნების“ წევრს ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების მოთხოვნას, ამიტომ ორივე მხარის წარმომადგენელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რაიონის სოფელ იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ აღნიშნულ უბანზე.
დადგინდა, რომ პარტია ფ.კ.-ს და ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. სიტუაციის განმუხტვის მიზნით საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ. პოლიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი – არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით”, – აცხადებენ შს სამინისტროში.
ამასთან, მარნეულში მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.