მარნეულში ხელისუფლებას შევარდნაძის დროინდელი „კარუსელის“ დაბრუნება სურს–გიგი უგულავა

მარნეულში ხელისუფლებას შევარდნაძის დროინდელი „კარუსელის“ დაბრუნება სურს, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს” ერთ- ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, მარნეულის 29-ე უბანზე ამომრჩეველი ორი ბიულეტენის ჩაგდებას აპირებდა საარჩევნო ყუთში.
„მინდა რამდენიმე დარღვევაზე ვისაუბრო. პირველი, ეს არის დადასტურებული „კარუსელი“, რომელიც მარნეულის 29-ე უბანზე, სოფელ სადახლოში მოხდა. მოქალაქე შემოვიდა ბიულეტენით, მერე აიღო ახალი ბიულეტენი და ცდილობდა ორი ბიულეტენის ჩაგდებას, სავარაუდოდ, მას ინსტრუქცია ჰქონდა, რომ მეორე უნდა გაეტანა და ასე დაეტრიალებინათ „კარუსელი“, მაგრამ როგორც ჩანს, აერია. ჩვენმა წარმომადგენელმა ეს დაინახა და აღკვეთა, იყო შეხლა- შემოხლა, რის შემდეგაც ეს ბიულეტენი დაიხა. ფაქტია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, განსაკუთრებით, იმ
რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძველი, შევარდნაძის ეპოქის „კარუსელის“ გამეორება სურს და ამის მაგალითები უკვე არის”,- აღნიშნა უგულავამ.
მისივე თქმით, დარღვევა მოხდა საბერძნეთის ერთ-ერთ უბანზეც, სადაც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ კანდიდატურა მოხსნა.
“მეორე, ასევე სრულიად აღმაშფოთებელი ამბავია საბერძნეთის 37-ე უბანზე, სადაც კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან გონგაძემ ჯეკპოტი მოხსა, ადგა და სადემონტრაციო ოქმში დავით ბაქრაძე გადახაზა, ეს რომ ჩვენმა წარმომადგენელმა დაინახა, მან ეს ოქმი საერთოდ მოხსნა და ნაგვის ყუთში გადაისროლა. ესეც არ არის გასაკვირი ხელისულებისგან იმიტომ, რომ დიასპორაში დავით ბაქრაძის პოზიციები საკმაოდ ძლიერია და შესაბამისად, როგორც ჩანს, ასეთ ტყუილზე და სიბინძურეზე მიდიან, რომ თითქოს ბაქრაძემ მოხსნა კანდიდატურა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მოვუწოდებ ცესკოს თავმჯდომარეს უსწრაფესი რეაგირებისკენ. ბოლოს, მინდა მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ. აქტივობა უნდა გაიზარდოს”,- განაცხადა უგულავამ.