მიწის რეგისტრაციის რეფორმა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება

მიწის რეგისტრაციის რეფორმა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება. რეფორმის ფარგლებში გამარტივებული პროცედურებით ამ დროისთვის 554 ათასზე მეტი საკუთრების უფლება უკვე დარეგისტრირდა. საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში 25 ათასზე მეტი განცხადებაა გაგზავნილი, 56 000-ზე მეტ განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს. გარდა ამისა, სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც ამ ეტაპზე 1300-მდე კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა.მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაინტერესებული პირის მიერ აზომვითი ნახაზისა და განცხადების წარმოდგენის შემდეგ მოქალაქეებს საბუთების მოძიებაში ეხმარება და უფასო სერვისებს სთავაზობს.