რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის ოფისები წითლად შეღებეს

გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერები წითელი საღებავით არის შეღებილი წარწერით "KGB" .

რუსთავში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისები წითლად შეღებეს. სავარაუდოდ ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ოპოზიციონერი პრეზიდენტბის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერები წითელი საღებავით არის შეღებილი წარწერით “KGB” .

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს რუსთავში, ყველა ოფისში ჰქონდა ადგილი. შეღებილია სტენდებზე განთავსებული სააგიტაციო მასალაც.
მათივე ინფორმაციით, არსებობს სათვალთვალო კამერები, რომლის ამოღების შემდეგაც იმ პირების იდეტიფიცირება მოხდება, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ აღნიშნულში მმართველი პარტიის ხელწერა ჩანს.ოპოზიციურ გაერთიანებას ამ დრომდე საგამოძებო უწყებისთვის არ მიუმართავს. “საკმაოდ დიდხანს მუშაობდნენ, ერთ ოფისზე ნახევარი საათის განმავლობაში მაინც, კარგად იყვნენ მომზადებული, სავარაუდოდ კიბეც ჰქონდათ. პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებს და ამ ფაქტსაც დააფიქსირებდა და რეაგირება უნდა ჰქონოდა”–აცხადებს რუსთავის შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერიძე. მისვე თქმით, სამართალდამცველებმა მომხდარი დროულად უნდა გამოიძიონ და ამხილონ დამნაშავეები.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ოფისების შეღებვის ფაქტები ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში დაფიქსირდა.