სოხუმის იზოლატორიდან აფხაზეთიდან დევნილი ზაურ გურჩიანი 2 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან, 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს. ზაურ გურჩიანი 5 აგვისტოს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს.
ზაურ გურჩიანის დაკავების შესახებ, მისმა ოჯახის წევრებმა რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, სოზარ სუბარს შეატყობინეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზაურ გურჩიანის გათავისუფლების მოთხოვნით, ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
ზაურ გურჩიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გუშინ ღამე დატოვა და ოჯახს დაუბრუნდა. ოჯახის წევრების თქმით, ზაურ გურჩიანზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.
“ზაურ გურჩიანის ოჯახი დიდ მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და სოზარ სუბარს, რომლებმაც პირველივე წუთებიდან ყველაფერი გააკეთეს, რათა ზაურ გურჩიანი საკუთარ ოჯახს უვნებლად დაბრუნებოდა”,- აცხადებენ რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩევლის აპარატში.
ცნობისთვის, ზაურ გურჩიანის სახლი სოხუმში ომის დროს დაიწვა. გურჩიანების ოჯახმა აფხაზეთი ჭუბერის გავლით დატოვა და მას შემდეგ სოფელ ჭუბერში ცხოვრობს. მათი ნათესავები დღესაც იმყოფებიან აფხაზეთის სოფელ აჟარაში, სწორედ მათთან მიდიოდა, პერიოდულად, ზაურ გურჩიანი