ფოლადის სტადიონი თვითმმართველ ქალაქ რუსთავს დაუბრუნდა. TV4-ს ექსკლუზიური ინფორმაციით სტადიონი მეტალურგიამ ქალაქს 19 სექტემბერს უსასყიდლოდ გადასცა. TV4-ის ექსკლუზივის დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ ეროვნულ სააგენტოშიც იძებნება.
შეგახსენებთ ფოლადის სტადიონი რუსთავის მერიამ მეტალურგიულ ქარხანას წლების წინ სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა. თუმცა მოგვიანებით ქარხანამ სტადიონით სარგებლობისთვის რუსთავს იჯარა გაუზარდა და 5 ათასი ლარის ნაცვლად 22 ათას 500 ლარი მოითხოვა. იჯარის გადაუხდელობის მიზეზით კი კლუბს სტადიონზე ვარჯიშის უფლება აუკრძალა.
სტადიონის უკან მერიის ბალანსზე დასაბრუნებლად მოლაპარაკებები მეტალურგიულ ქარხანასთან ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს. პროცესი 19 სექტემბერს დასრულდა.
შეგახსენებთ 2018 წლის მარტში ფოლადის სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. სწორედ მაშინ გაჟღერდა ინფორმაცია რომ სტადიონის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის შემდეგ დაიწყებოდა საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია. სტადიონზე იგეგმება ბუნებრივი საფარის მოწყობა რაც საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავს’’ საშინაო მატჩების საკუთარ მოედანზე ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. რეაბილიტაციის ფარგლებში, უნდა განახლდეს ტრიბუნები, გარემონტდეს გასახდელები და კეთილმოეწყოს სტადიონის გარე პერიმეტრი.
ფოლადის სპორტული კომპლექსი 1948 წელს აშენდა და ის ათი ათასზე მეტ მაყურებელს იტევს.