გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის, მაია გრიგოლაშვილის განცხადებით, იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს.მისივე თქმით, ბრალდებული მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.
ადვოკატის განცხადებით, ნებიერიძეს იმ საქმესთან დაკავშირებითაც ესაუბრა, რაზეც ის წლების წინ იყო გასამართლებული. “მითხრა, ყაჩაღობის თუ გამოძალვის მუხლით ვიყავი გასამართლებული, ზუსტად არ მახსოვსო. რაც შეეხება რვა წლის გოგონას საქმეს, ამასთან დაკავშირებით ის საერთოდ არ საუბრობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, – განაცხდა მაია გრიგოლაშვილმა.
იაგო ნებიერიძეს ბრალი დაკავებიდან 48 საათში წარედგინება. როგორც ცნობილია, ნებიერიძე წლების წინ სახალხო დამცველის ანგარიშშიც იყო მოხსენიებული. კერძოდ, მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმადაკავებული იაგო ნებიერიძის ცემის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის რეკომენდაციით მიმართა. 2004 წლის 10 დეკემბერს შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი არაყიშვილმა იაგო ნებიერიძე დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა. სახალხო დამცველის ოფისზე დაყრდნობით, 2004 წელს ამის შესახებ ინფორმაცია მედიაშიც გავრცელდა.
შუადღისას გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გორში 25 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გორში, ცხელ კვალზე დააკავა. უწყებამ დაკავების კადრებიც გაავრცელა. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, წარსულში ნასამართლევია.