გიორგი ჭანტურია პროცესზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. გიორგი ჭანტურია სასამართლო სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა. დაცვის მხარის პოზიციით, წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ, ეკატერინე პართენიშვილმა დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მან ჭანტურიას შეუზღუდა უფლება გაეკეთებინა არჩევანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და ერთპიროვნულ მოსამართლეს შორის.
გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, ახლა საქმის არსებითი განმხილველი მოსამართლე მადონა მაისურაძე ცდილობს, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების რესტავრაციას, შესაბამისად ბრალდებული არაუფლებამოსილი სასამართლოს პირობებში პროცესებში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს. როგორც დღეს მოსამართლემ განმარტა, იმ შემთხვევაში, თუკი  ბრალდებული მომდევნო პროცესზეც არ გამოცხადდება დაიწყება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპი და მკვლელობის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 და 236 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება ბრალად,რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა ,შენახვა,ტარებას ითვალისწინებს.