გაუგრძელდება თუ არა ” ინტერტრანსს” მგზავრთა გადაყვანებზე ვადა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ინტერტრანსი” რუსთავის მერიისგან 11 ლოტზე ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ თეთრ მიკროავტობუსებს, რომლებიც დედაქალაქის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანებს კომპანიის სანებართვო პირობების შესაბამისად ახორციელებენ. “ინტერტრანსი” თვითმმართველობისგან ითხოვს თეთრ მიკროავტობუსების მძღოლებს მუშაობის უფლება 2019 წლის 1 დეკემბრამდე გაუგრძელდეთ. მიზეზად კი მოსახლეობისა და მძღოლების ინტერესებს ასახელებს. საკითხს დღეს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.კომისიის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ კომპანიისთვის ვადის გახანგრძლივება დაუშვებელია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ეგრეთ წოდებული თეთრი მიკროავტობუსების მძღოლებს მუშაობის ვადა არ გაუგრძელდებათ, ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება. რუსთავის მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის დედაქალაქის მიმართულებით 11 ლოტზე მგზავრთა გადაყვანას 63 თეთრი და 132 ერთეული ყვითელი მიკროავტობუსი ახორციელებს. კომისიის წევრები, როგორც უმრავლესობა ასევე ოპოზიცია თანხმდება, რომ თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანებზე ალტერნატიული კომპანიის გაჩენის აუცილებლობა არსებობს და ამ კუთხით მუშაობის დაწყებაა საჭირო.