შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ერთად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, არასრულწლოვანთა გამოკითხვის ახლად მოწყობილი ოთახი დაათვალიერა.
მინისტრმა რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვნების უფლებების დაცვის სტანდარტებზე მორგებული საგამოძიებო და განთავსების ოთახებიც დაათვალიერა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში არასრულწლოვნებისთვის შექმნილ ადაპტირებულ სივრცეში, რომელიც მოზარდის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და განვითარებაზე არის მორგებული, არასრულწლოვანთა მიმართულებით სპეციალიზებული გამომძიებლების მიერ განხორციელდება არასრულწლოვან მოწმეთა და დაზარალებულთა გამოკითხვა, რაც მათი ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას ისახავს მიზნად. ასევე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები განთავსდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავების ოთახში, რომელიც არასრულწლოვანზეა მორგებული.არასრულწლოვნებზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურა რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მოეწყო.