ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება

ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება, 600 000 მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ამ 600 000 მოქალაქის ვალდებულების განულების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეებით უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა.

„მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ. ჩვენი მიდგომაა, რომ ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი ზოგადად იყოს დაძლეული. შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მისდიოდეთ ვალების მომსახურებაში და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას. ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. დღევანდელი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც ჩვენს ეკონომიკას უფრო მდგრადს გახდის, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორს – უფრო ჯანსაღს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.