იუსტიციის სახლში ჟესტური ენით მეტყველების სერვისი ამოქმედდა

14 ნოემბერს, იუსტიციის სახლმა პირველად გასცა სერვისი ჟესტურ ენაზე.
იუსტიციის სახლის რამდენიმე ათეულმა ოპერატორმა, სპეციალური სწავლების პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომზადება გაიარა. მომავალში აღნიშნული სერვისით იუსტიციის სახლი შეეცდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურება მეტად ადაპტირებული გახადოს.

„ამჟამად, პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ ფარგლებში, ოპერატორების სპეციალური გადამზადება მიმდინარეობს, ისინი სწავლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სფეროში გადიან. აღნიშნული სწავლებით მონაწილეები შეიძენენ ცოდნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ეფექტიანი მომსახურებისა და მათთან კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების თაობაზე. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სახლის წინა ხაზის თანამშრომლების გადამზადება ოქტომბრიდან ხორციელდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გაუმჯობესებული სერვისების გადამზადების კურსს საერთო ჯამში წლის ბოლომდე 750 თანამშრომელი გაივლის”.

იუსტიციის სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გამარტივება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.