ხადას ხეობაში მომხდარ ფაქტზე, მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის ადვოკატები მოითხოვენ, რომ მალხაზ კობაურის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
როგორც მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას დააყენებს.
ამასთან, ლექსო კობაიძის თქმით, პროკურატურამ ბრალდებულს ისე დაუმძიმა ბრალი, რომ არ წარუდგენია ახალი მტკიცებულებები. ადვოკატი დანაშაულის ჩადენის მოტივთან მიმართებაში, პროკურატურის მხრიდან დაუსაბუთებელ ვითარებაზე საუბრობს.
“პროკურატურამ შეცვალა დანაშაულის ჩადენის მოტივი. თუ აქამდე ბრალდება საუბრობდა, რომ გაბრაზების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა, ამჟამად ამტკიცებენ, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი ქალის მიმართ სექსუალური ლტოლვა გახდა,” – აღნიშნა ლექსო კობაიძემ.
ადვოკატ ვასილ მამულაშვილის ინფორმაციით კი, დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოკვლევა დაასრულა. მისი თქმით, გამოიკვეთა, რომ ბრალდების მხარის განცხადება, თითქოს „გარდაცვლილის გვამი ბრალდებულმა ზურგით ატარა ან მდინარის საშუალებით გადაადგილა“, გამოირიცხება.
“ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი. მდინარემ უფრო ნაკლები სიმძიმის ტვირთი მხოლოდ რამდენიმე მეტრზე გადააადგილა, არათუ კილომეტრებზე, რაც ბრალის ფორმულირებაშია. ამასთან, შეუძლებელი აღმოჩნდა ზურგით გარდაცვლილი მამაკაცის სიმძიმის ტვირთის გადაადგილებაც დიდ მანძილზე. ჩვენ ეს ყველაფერი მტკიცებულებად გვაქვს საქმეში,” – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.
19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 ნოემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.