ამ დროის ინფორმაციით ხანძრის შედეგად 43 მოვაჭრე დაზარალდა

რუსთავში, ბაზრის ხანძრის დროს  დაზარალებულთა მონაცემების შეგროვება დაიწყო. რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შუამდგომლობით, იმ მოვაჭრეებს, რომლებიც ოფიციალურად დაადასტურებენ, რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციაში ან ბანკში არსებულ ფინანსურ ვალდებულებას, შესაძლოა კრედიტი გადაუვადონ. ბაზრობის მფლობელის ინფორმაციით დაზარალებულთა რიცხვი ამ დროის მონაცემებით 43 შეადგენს. მოვაჭრეები და ადგილზე დასაქმებულები დღეს დილიდან შეიკრიბნენ დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც მათი მონაცემების შეგროვება მიმდინარეობს. 1 ნოემბერს რუსთავში, სტამბოლის ბაზრობის მიმდებარედ ეგრეთ წოდებული ახალი ბაზარი დაიწვა.ამ დრომდე ბაზრობის ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ შემოსაზღვრული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს.