შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში,ფონიჭალაში,გარდაბანში და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
პოლიციამ დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა.
სამართალდამცველების მიერ გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 4 პირი: 1980 წელს დაბადებული ა.ზ. 1966 წელს დაბადებული თ.გ. 1964 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1978 წელს დაბადებული თ.ნ.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღო 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია, სავარაუდოდ, მცირე კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებთან ერთად.
ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, გარდაბნის რაიონში დაკავებულია 2 პირი: 1976 წელს დაბადებული ა.მ. და 1981 წელს დაბადებული ო.ს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ უკანონოდ გასაღებული 380 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას.
ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე სამართალდამცველების მიერ, ასევე, დაკავებულია ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული მ.ჰ. პოლიციამ ის თბილისში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 250 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
7-ვე დაკავებული ნარკორეალიზატორის მიმართ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს. დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, 93 ნარკორეალიზატორი დააკავა.
მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში ამოღებულია: 33 კილოგრამი „ჰეროინი“, 3 კილო და 500 გრამი „კოკაინი“, 11 ათასი აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი”,-აცხადებენ შსს-ში.