გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით კვირას რუსთაველზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ დღეს ფილარმონიაში ოპოზიციის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სადაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნო.
ვაშაძის თქმით, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ ხელისუფლებამ გაიგოს საზოგადოების ხმა.როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კვირას დაგეგმილი აქცია მშვიდობიანი იქნება. მისი თქმით, ის არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმაციას და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც. მისივე განცხადებით, არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.
ფილარმონიაში შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ვიდეოზარის საშუალებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო და მან გრიგოლ ვაშაძეს მადლობა გადაუხადა. „ახლა არის მცდელობა, რომ ჩვენს რიგებში დავიწყოთ დამნაშავის ძებნა. მაგრამ დამნაშავე არის საქართველოს მტერი”–განაცხადა სააკაშვილმა.
შეხვედრას პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ, მათ შორის ოპოზიციის შეხვედრას შეუერთდნენ რუსთავიდან და ქვემო ქართლიდანაც.