დმანისის და ბოლნისის მაჟორიტარები 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის უვადო პატიმრობას მოითხოვენ

პარლამენტის 8 დეპუტატი გორში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

პარლამენტის წევრები იზიარებენ საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას, მკვლელობაში ბრალდებული პირისთვის თავისუფლების უვადო აღკვეთასთან დაკავშირებით.

„ვეხმაურებით გორში მცხოვრები 8 წლის ნანა ბერიაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს. პირველ რიგში, ვუთანაგრძნობთ ნანა ბერიაშვილის ოჯახს, გორში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს და სრულიად საქართველოს. თითოეული ჩვენგანი სრულად იზიარებს საზოგადოების აღშფოთებას მომხდარის გამო და აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ხელისუფლებაში მყოფ ძალას აკისრია – დაიცვას ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე და კანონის მთელი სიმკაცრით გაუსწორდეს მსგავს მოძალადეებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეობრივი და ზნეობრივი პოზიციიდან გამომდინარე, სრულად ვეთანხმებით საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნას, სასტიკი მკვლელის, წარსულში ყაჩაღობის მუხლით ნასამართლევი 34 წლის იაგო ნებიერიძისთვის თავისუფლების უვადო აღკვეთასთან დაკავშირებით. ამავდროულად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქართული სასამართლო მიიღებს სამართლიან და ადეკვატურ გადაწყვეტილებას!”-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პარლამენტის წევრები:კახაბერ ოქრიაშვილი, გოგი მეშველიანი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ლურსმანაშვილი, ანზორ ბოლქვაძე, ენზელ მკოიანი, თენგიზ ხუბულური, გიორგი ხატიძე.