დღეს ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს-გრიგოლ ვაშაძე

დღეს ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, გააკეთებენ სწორ არჩევანს,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მან თავისი არჩევანი ქუთაისში გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს „უაზროდ, უვიცად და ფუჭად დასახარჯი დრო მეტი არ აქვს“.

„დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ადამიანები, ვინც 1990-იანი წლიდან კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ სვეტზე იყოს დაფუძნებული სახელმწიფო – თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება, მოვლენ არჩევნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს, რადგან საქართველოს უაზროდ, უვიცად, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი არ აქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.