რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მოწმის გამომძიებელ მერაბ მერაბიშვილის დაკითხვა დასრულდა.
ბრალდების მოწმემ დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და იმ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა, რომელიც მის მიერ საქმის მოკვლევის პროცესში განხორციელდა.
საქმის გამომძიებელს კითხვები თავად ბრალდებულმა თემურ აბაზოვმაც დაუსვა, რასაც მათ შორის მცირე შეკამათება მოჰყვა. დღესვე სასამართლო, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესზეც გადავიდა. აღნიშნულ საქმეზე, შემდეგი სხდომა 22 ნოემბერს ჩატარდება.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 მუხლის 3-ე პრიმის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს.